Search This Blog

Pages

Monday, July 19, 2010

გალაკტიონოლოგია V



გამოვიდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებული მორიგი სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ‘’გალაკტიონოლოგია V’’, ცენტრის ხელმძღვანელის თეიმურაზ დოიაშვილის რედაქტორობით.
კრებული აერთიანებს უახლეს გამოკვლევებსა და წერილებს. მკითხველი გაეცნობა პოეტის უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ლექსებსა და ჩანაწერებს უბის წიგნაკებიდან, როსტომ ჩხეიძის ვრცელ ნაშრომს ‘’თვალღია საფლავები’’. ‘’არტისტული ყვავილების’’ პრობლემატიკას ეძღვნება აკაკი ბაქრაძის, ლევან ბრეგაძის, ნინო დარბაისელისა და თეიმურაზ დოიაშვილის გამოკვლევები. რუბრიკაში ‘,,კონტექსტი’’ ირაკლი კენჭოშვილი და კოსტანტინე ბრეგაძე აშუქებენ რომანტიზმის ტრადიციასთან პოეტის მიმართებას. გალაკტიონოლოგიის ისტორია წარმოდგენილია რეპუბლიკაციით აკაკი გაწერელიას წერილისა ‘’გალაკტიონ ტაბიძის ლირიკა’’ (1938) .ლექსს ‘’უკანასკნელი მატარებელი’’ ეძღვნება დავით წერედიანის ესსე და გიზო ზარნაძის მოგონება. რუბრიკაში ‘’კრიტიკული დისკურსი’’ თეიმურაზ დოიაშვილი განიხილავს ინესა მერაბიშვილის წიგნს ‘’გალაკტიონის ენიგმები’’. ტოტალიტარისტული რეჟიმისადმი გალაკტიონის მიმართებას იკვლევენ თამაზ ვასაძე და ბელა წიფურია. რუბრიკაში ‘’Essay’’ მკითხველი გაეცნობა ვახტანგ ჯავახაძის, ივანე ამირხანაშვილისა და პარმენ მარგველაშვილის სტატიებს. გალაკტიონის ლირიკაში ბავშვის მხატვრული კონცეპტი გაშუქებულია ემზარ კვიტაიშვილის წერილში. როლანდ ბერიძის ლექსმცოდნეობითი გამოკვლევა წარმოაჩენს დასავლური მყარი სალექსო ფორმების პოეტისეულ ტრანსფორმაციას. იაპონელი მკვლევარი ჰიროტაკე მაედა თავის წერილში გვაცნობს იაპონურ ენაზე გალაკტიონის ლირიკის პირველ, მისეულ თარგმანსაც. გალაკტიონის პოეტურ ენაში სიმბოლისტურ სიტყვათწარმოებას ეხება ნათია სიხარულიძის გამოკვლევა.ერთი ლექსის ტექსტოლოგიური ისტორიაა ჯული გაბოძის წერილში. რუბრიკაში ‘’წიგნები გალაკტიონზე’’ ლევან ბრეგაძე, თედო იაშვილი და ნათია სიხარულიძე განიხილავენ აკაკი ხინთიბიძის, ნოდარ ტაბიძისა და ზეინაბ სარიას წიგნებს. ,,გამოხმაურებანი, თვალსაზრისი და ინფორმაცია’’ - შეიცავს გურამ ბარნოვის, ვახტანგ როდონაიასა და მამუკა შელეგიას სტატიებს. გალაკტიონის ცხოვრების ეპიზოდს მკითხველი გაეცნობა ელგუჯა ბერძენიშვილის მოთხრობაში. პოეტის თავგადასავალს აცოცხლებს ლიდია მეგრელიძის მოგონებები, ნანა კობალაძის ვრცელი კომენტარებით.
წიგნის დასასრულს, ტრადიციისამებრ, რუბრიკებში ‘’დღეები ბრუნავს’’ და ’’მოგონებათა თოვის’’ წარმოდგენილია ვრცელი თუ მცირე მოგონებანი, რომლის ავტორებიც არიან: ლადო ასათიანი, ლადო გუდიაშვილი, ნიკო კეცხოველი, კორნელი სანაძე, თამაზ ჩხენკელი, შერმადინ ონიანი, გულბათ ტორაძე, ნანა დიმიტრიადი და სხვანი.

Friday, June 11, 2010

თეიმურაზ დოიაშვილი ’’კონტექსტის პოეტიკა’’

###

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.
და რანაირად
ვიყავი ავად.
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?
ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება,
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს!
ერთხელ რომ მომხვდა
საწყალს გულს ტყვია,
გადმიდგა შემდეგ,
რომ ხანჯლით ვიღაც,
ეს ქინძისთავი
მინდოდა იქაც.
მე ამ ქინძისთავს
დავცქერი ეხლა,
და ვერ მაშინებს
ვერარა შეხლა,
მისით თუნდ ყველა
ქვეყნებს დავიარ!
გულთან უბრალო
ქინძისთავია
.მასთან სიკვდილსაც
მივიჩნევ არად,
ის ჩემთანაა
მარად და მარად.
სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს -
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა,
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი. (1958)



ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ზეინაბ სარიას წერილი, სათაურით ,,შეუსაბამობანი და კომიზმი გალაკტიონის ლირიკაში''. [url="http://lit.400.ge/Online/1/alogikuroba.html[/url]
მკვლევარი საკითხზე მსჯელობისას სხვა ლექსებთან ერთად ამ ლექსსაც ეხება. სამართლიანობა მოითხოვს , აღინიშნოს, რომ ავტორი მას ''შეუსაბამობისა და კომიზმის'' ნიმუშად პირდაპირ არ ასახელებს და მხოლოდ ქვემოციტირებულით იფარგლება:

,, 1958 წელს დაიწერა ლექსი „ერთხელ მერიით“. პოეტს არ ახსოვს, სად – მერიაში /სოფელი ოზურგეთის რაიონში/ თუ ხიდისთავში /სოფელი ჩოხატაურის რაიონში/ ლიტერატურული შეხვედრის თუ საღამოს შემდეგ თაყვანისმცემელმა ლამაზმა ქალმა ხალათი შეუკრა ქინძისთავით:

„ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით,
მახსოვს უბრალო
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი
და რანაირად
ვიყავი ავად.“

სილაღისა და სიმსუბუქის, დაუძაბავი უდარდელობის განცდას ბადებს ტავტოლოგიური „ერთხელ“. უბრალო ფაქტია, მაგრამ პოეტისთვის ის ადამიანური სითბო ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სასიცოცხლო ენერგიით აუვსო მთელი არსება.

„ვამბობდი, არის
მზიურთთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება“.

ზოგჯერ ნამცეცი ყურადღება ადამიანში შინაგანი ძალების წარმოუდგენელ განახლებას იწვევს და საკუთარი თავის რწმენას შთაბერავს მას:

„სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს-
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.
დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა
ქვეყნად, ვინ იცის?
ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ო, მადლობელი.



ამჯერად ნუ დავიწყებთ იმის განსჯას, რამდენად სანდოა მისი ინფორმაცია ან რამდენად მართებულია მისი ინტერპრეტაცია. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ იგივე ლექსის აქტუალიზაცია ლიტერატურათმცოდნეობით სივრცეში, მისი მოთავსება მართებულ კონტექსტში კარგა ხნით ადრე განხორციელდა. გთავაზობთ ამ სტატიას:




თეიმურაზ დოიაშვილი


კონტექსტის პოეტიკა
- - - - - - - - - - - - - - - - --

გალაკტიონ ტაბიძის მეორე პოეტური რეფორმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ესთეტიკურად ნეიტრალური სიტყვის განპოეტურობის უნივერსალური პრინციპის – კონტექსტის პოეტიკის - მიგნებასა და დაუფლებას. კონტექსტის პოეტიკის ფუნქციონირებისას სიტყვას არც გარედან მოაქვს „მზა“ პოეტურობა და არც ტროპულ გარდაქმნას განიცდის. კონტექსტის მეშვეობით ყოფითი სიტყვა პოტენციურად იძენს პოეტური სიტყვის არსებით თვისებებს: მრავალმნიშვნელოვნებას, ასოციაციურობას, კონკრეტიზაციისა და სიმბოლიზაციის უნარს. იგი ინარჩუნებს საგნობრიობას, მაგრამ, სიტუაციის შესაბამისად, აქვს მნიშვნელობის დავიწროების ან გაფართოება-განზოგადების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ამის შედეგად იხსნება დაპირისპირება და წინააღმდეგობა პოეტურ და ყოფით-სასაუბრო სიტყვას შორის, სიტყვის საგნობრიობასა და მრავალმნიშვნელოვნებას, საგნის კონკრეტულ გამოსახვასა და იდეის გამოსახვას შორის.
თუ გავითვალისწინებთ გალაკტიონის მეორე პოეტური რეფორმის არსებით ნიშანს – პრინციპულ ორიენტაციას სასაუბრო ენასა და სადა, ბუნებრივ სტილზე, სრულიად გასაგები გახდება კონტექსტის პოეტიკის მნიშვნელობა.
გ. ტაბიძის ბოლო პერიოდის ლირიკისათვის ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი ლექსია „ერთხელ მერიით თუ ხიდისთავით“ (1958), სადაც კონტექსტის პოეტიკის შესაძლებლობანი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
ლექსს მარტივი, ყოფითი ფაბულა აქვს: გზად მიმავალ პოეტს ყინვიან ამინდში უცნობმა ქალმა ქინძისთავით შეუკრა ხალათი. ასევე უბრალოა და ყოფითი ის საგანი, რომელსაც ტექსტში ცენტრალური ადგილი უკავია: ქინძისთავი. უფრო მეტიც, სიტყვა „ქინძისთავი“ თავისი შინაარსით კიდევ უფრო პროზაული წარმოდგენისაკენ გვეზიდება: „ქინძის თავი“. ეს ყოფითი, სტილურად ნეიტრალური, უბრალო სიტყვა პოეტურ ტექსტში საოცრად იფართოვებს შინაარსს, განზოგადდება, მაგრამ ამასთანავე არ კარგავს თავის კონკრეტულ, საგნობრივ მნიშვნელობას. ლექსის ექსპოზიციაში „ქინძისთავი“ მხოლოდ კონკრეტული ყოფითი საგანია, პოეტის მოგონების ერთი არაფრითგამორჩეული დეტალი:

ერთხელ მერიით
თუ ხიდისთავით
მახსოვს, უბრალო
ამ ქინძისთავით
ერთხელ ხალათი
შენ შემიკარი,
რა ყინვა იყო,
რა ცივი ქარი.

დამოწმებული მონაკვეთის ბოლო ორი სტრიქონი პირველი მინიშნებაა იმაზე, რომ ის, რაც ზემოთ ითქვა, პოეტისათვის ფაქტის უბრალო კონსტატაციაზე მეტს ნიშნავს. „ყინვა“ და „ქარი“, როგორც პოეტური ტრადიციის მქონე სიტყვები, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, გადატანით მნიშვნელობასაც ატარებენ, ამიტომ ჩნდება მოლოდინი ერთგანზომილებიანი თხრობიდან გასვლისა. მართლაც, პოეტი განაგრძობს:

და რანაირად
ვიყავი ავად.
სად უნდა მევლო
უქინძისთავოდ?

აქ პირველად ჩნდება „ქინძისთავის“ შინაარსის გაფართოების შეგრძნება სიტუაციის ჰიპერბოლიზაციის გამო: უბრალო საგნის ფიზიკური შესაძლებლობანი და ლირიკული სუბიექტის ავადობის ხარისხი ერთმანეთს არ ეთანაბრება. ამიტომ იბადება აზრი, რომ ტექსტში არც ფიზიკურ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი და არც ქინძისთავია უბრალო ყოფითი საგანი. ლექსის მომდევნო სტრიქონებში ეს აზრი დადასტურებას პოულობს:

ვამბობდი: არის
მზიურთვალება
ქალი, პოეტი
რომ ებრალება.
შენ, შეიძლება,
ეს არც კი გახსოვს!

ამ სტრიქონებს თან მოაქვს ადამიანური თანალმობის მოტივი და აშკარავდება, რომ პოეტის ავადმყოფობა სულიერი შეჭირვებაა, ხოლო „ქინძისთავი“ სიმბოლოა ადამიანისათვის გაწეული უანგარო სამსახურისა. „ქინძისთავის“ აზრობრივი შინაარსი ლექსში სულ უფრო და უფრო ფართოვდება:

ერთხელ რომ მომხვდა
საწყალს გულს ტყვია,
გადმიდგა შემდეგ
რომ ხანჯლით ვიღაც,
ეს ქინძისთავი
მინდოდა იქაც.

კონტრასტი „ტყვია, ხანჯალი – ქინძისთავი“ სიტყვა „ქინძისთავს“ „ფარის“, „მფარველის“ სემანტიკას უკავშირებს.
პოეტს სიტყვა „ქინძისთავი“ კიდევ უფრო ფართო კონტექსტში შეაქვს; საგანი ხდება იმედის, რწმენის სიმბოლო. სიტყვა „ქინძისთავის“ შინაარსი იმდენად ფართოვდება, რომ პოეტი თითქოს საგანგებოდ გვაფრთხილებს: „გულთან უბრალო ქინძისთავია!“
გალაკტიონი პირდაპირ, შეუფარავად მიუთითებს არატროპული სიტყვის ორპლანიანობაზე:

სხვისთვის არარას,
ჩემთვის კი მზის დარს –
ქებათა ქებას
ვუძღვნი ქინძისთავს.

კონტრასტი „სხვისთვის არარა – ჩემთვის მზე“ თითქოს მინიშნებაა იმ საოცარ ცვლილებაზე, რაც უბრალო საგანმა განიცადა პოეტის სულში. „ქინძისთავი“ ყოფით პლანში მართლაც „არარაა“, მაგრამ, პოეტური კონტექსტით გარდაქმნილი და განზოგადებული, პოეტისათვის მზეს, მნათობს ედარება.
ფინალის წინ ქინძისთავის განზოგადების ხარისხი იმდენად ძლიერია, რომ პოეტს სრულიად თამამად გავყავართ სიტყვის პროზაულზე პროზაული შინაფორმისაკენ:

დე, სხვისთვის იყოს
ის ნამი ქინძის,
ჩემთვის ის რაა,
ქვეყნად, ვინ იცის?

ლექსის ექსპოზიციის თხრობითი ინტონაცია ფინალში ჰიმნის ჟღერადობას იძენს:

ვერას დამაკლებს
დღე და სოფელი,
მადლობელი ვარ,
ვარ მადლობელი!

ეს ინტონაციური ზეაღსვლა ზუსტად აირეკლავს იმ თვისებრივ ცვლილებას, რამაც მარტივი ყოფითი შემთხვევა ადამიანური თანალმობის თემამდე განაზოგადა, უბრალო საგანი უფართოესი შინაარსის სიმბოლოდ აქცია.
სიტყვა „ქინძისთავი“ მთელი ლექსის მანძილზე არ კარგავს თავის პირდაპირ, საგნობრივ მნიშვნელობას, თუმცა კონტექსტის ზემოქმედებით მისი შინაარსი სხვადასხვა მოცულობით ფართოვდება და განზოგადდება. ყოფითი სიტყვა იძენს პოეტური სიტყვის ისეთ თვისებებს, როგორიცაა მრავალმნიშვნელოვნება, სიმბოლურობა, ასოციაციურობა. „ქინძისთავი“ კონკრეტულ საგნადაც რჩება და ზოგად იდეასაც გამოხატავს.
ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს ლექსი, რადგან გალაკტიონი აქ თითქოს საგანგებოდ ახდენს კონტექსტის პოეტიკის შესაძლებლობათა დემონსტრირებას. ყოფითი ამბისა და საგნის განზოგადებისა და სიმბოლიზაციის ის ხარისხი, რასაც გ. ტაბიძე აღწევს ამ ლექსში, და სხვა ნაწარმოებებშიც, უახლეს ქართულ პოეზიაში თვისებრივი სიახლე იყო, თუმცა მას გენეტიკური კავშირი ჰქონდა რეალისტური პოეზიის ტრადიციებთან და, გარკვეული აზრით, მის რესტავრირებას წარმოადგენდა ახალ ისტორიულ სიტუაციაში.
ჩვენს თვალთა წინაშე წარმოიმართება უფაქიზესი სულის პიროვნება, ადამიანურ სითბოს და ზრუნვას დანატრებული მარტოსული, რომლისთვისაც უბრალო თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტი კოსმიურ მასშტაბებს იძენს და მოყვასისადმი თანალმობის ნამდვილ ჰიმნად გარდაიქმნება.



ჟ. „კრიტერიუმი“, 2001 წელი, #3

Saturday, May 8, 2010

თეიმურაზ დოიაშვილი

,,ენიგმები’’ და ,,მიგნებები’’

გალაკტიონ ტაბიძის ნოვატორული მხატვრული აზროვნება, მისი ურთულესი ტროპები იმთავითვე იქცევდა მკვლევართა ყურადღებას, მაგრამ პოეტის ,,ნისლით შემობურვილი’’ მეტაფორებისა და სიმბოლოების შეცნობა-შეუცნობლობისა და გაშიფრვის პრობლემა მთელი სიმწვავით მიხეილ კვესელავას ,,პოეტური ინტეგრალების’’ (თბ., 1977) გამოსვლის შემდეგ დაისვა.გალაკტიონის ლექსები მ. კვესელავამ ტროპული მეტყველების სირთულის მიხედვით სამ ძირითად სახეობად დაყო: ,,1. ტ რ ა დ ი ც ი უ ლ ი ანუ ლოგიკურ-სემანტიკური ლექსები, სადაც პოეტური მეტყველების კლასიკური წესებია დაცული.2. ა ს ო ც ი ა ც ი უ რ ი ლექსები, სადაც პოეტური ფრაზის ლოგიკურ-სემანტიკური წყობა შესუსტებულია.3. ი ნ ტ ე გ რ ა ლ უ რ ი ლექსები, სადაც პოეტური სემანტიკა ან მეტაფორების და სახეების ჩვეულებრივი სტრუქტურა თითქმის მთლიანად დარღვეულია’’ (გვ. 199).თავის ვრცელ გამოკვლევაში, სადაც გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება განხილულია XX საუკუნის პოეზიის გლობალურ კონტექსტში, მ. კვესელავამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მესამე სახეობას - ინტეგრალურ სახე-მეტაფორებსა და ფრაზებს და ისინი სრულიად ახალ მოვლენად მიიჩნია მხატვრულ აზროვნებაში. ინტეგრალური სახეების სიახლე თურმე ისაა, რომ მათი ლოგიკური გააზრება, შინაარსის ამოცნობა არ ხერხდება და არც არის საჭირო, რადგან ასეთი სახეები აზრის გარეშე, შემეცნების გარეშე ახდენენ მკითხველზე ემოციურ, ესთეტიკურ ზემოქმედებას (გვ. 372). ასეთ ამოუცნობ, გაუშიფრავ, იდუმალ ინტეგრალებად მან გალაკტიონის ათეულობით ტროპი გამოაცხადა, მათ შორის -,,ოცნება, ნახაზი საგანთა უარით’’, ,,ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი’’, ,,მთვარეში შავი შრიალებს ჩალა’ და სხვ. იგი წერდა: ,, ოიდიპოსიც რომ იყო, ამ პოეტური სფინქსის საიდუმლოებას მაინც ვერ ამოხსნიო’’ (გვ. 302-303).ამრიგად, მ. კვესელავას თვალსაზრისით, გალაკტიონის პოეზიაში არის თვისებრივად ახალი - გაუშიფრავი ინტეგრალური სახეები და სტრიქონები, იგივე ,,პოეტური სფინქსები’’, რომელთა წინაშე უძლური აღმოჩნდებოდა თვით მითოლოგიური ოიდიპოსიც, პოეზიის პროფესიონალი მკვლევარი რომ ყოფილიყო.მოდით, ამ ფონზე ერთ განაცხადს გავეცნოთ, რომელსაც ამბიციის ნაკლებობას ვერ დასწამებ:’’ჩვენი მიზანია, შევავსოთ და დავაზუსტოთ არსებული წარმოდგენები, კერძოდ, გავაანალიზოთ ის, რაც დღეისათვის გალაკტიონთან აუხსნელად და გამოუცნობადაა მიჩნეული’’. და კიდევ: ,,ჩვენი ეს მცირე გამოკვლევა სწორედ იმას ემსახურება, რომ მეცნიერულად ავხსნათ და შემეცნებადი გავხადოთ გალაკტიონის არაერთი ენიგმა და გასაიდუმლოებული სტრიქონი, რათა ხელი შევუწყოთ მისი ტექსტის ინტერპრეტაციის შემდგომ განვითარება’’ (გვ. 10).დამოწმებული ციტატები ამოღებულია ინესა მერაბიშვილის წიგნიდან ,,გალაკტიონის ენიგმები’’ (თბ., 2003) და მოწმობს, რომ მისი ავტორი მზადაა, არამარტო ,,შეავსოს და დააზუსტოს’’ არსებული წარმოდგენები, არამედ ,,მეცნიერულად ახსნას და შემეცნებადი გახადოს’’ გალაკტიონის დღემდე აუხსნელ-გამოუცნობი ენიგმები და სტრიქონები, ე.ი. გააკეთოს ის, რაც მ. კვესელავას შეუძლებლად მიაჩნდა.მიზანი თავისთავად გაბედულიცაა და საპატიოც, მაგრამ მეცნიერულ გარემოში მოქმედებს ეთიკური ნორმა - სანამ კვლევას დაიწყებდე, მიმოიხედო, გაარკვიო, შენამდე ხომ არ ყოფილა მსგავსი ცდა, ერთი სიტყვით, დეტალურად შეისწავლო ის, რასაც საკითხის ისტორიას უწოდებენ. უნდა ითქვას, რომ ცალკეულ ავტორთა მიმოხილვით ი. მერაბიშვილი ქმნის კიდეც ამის ილუზიას, - სწორედაც ილუზიას, - რადგან ვითარება ისეა წარმოდგენილი, თითქოს მ.კვესელავას თვალსაზრისს მხოლოდ მომხრეები ჰყავდა და პირველი იგი - მერაბიშვილი! - აღუდგა წინ გაბატონებულ შეხედულებას, მხოლოდ მან შეძლო ამოუხსნელის - ე.წ. ინტეგრალებისა თუ ენიგმების ამოხსნა. ქვემოთ ამ საკითხზე საგანგებოდ შევჩერდები, ახლა კი, ი. მერაბიშვილის წიგნის მიხედვით, მოკლედ გიამბობთ იმას, თუ როგორ ვითარდებოდა მ. კვესელავას კვლევების პარალელურად და მასთან დაპირისპირების გარეშე ახალი მეცნიერული მიდგომა , რომელიც, ცხადია, ი. მერაბიშვილის სახელს უკავშირდება.მ. კვესელავას ,,პოეტური ინტეგრალები’’ 1977 წელს გამოიცა. ამ დროისათვის ი. მერაბიშვილს უკვე მზად ჰქონია უჩვეულო შესიტყვებების კვლევისადმი მიძღვნილი საკანდიდატო დისერტაცია, რასაც იგი საგანგებოდ აღნიშნავს: ,,1977 წელს, ე.ი. როდესაც ჩვენი საკანდიდატო დისერტაცია უკვე დასრულებული იყო, მ. კვესელავამ გამოაქვეყნა გალაკტიონისადმი მიძღვნილი მონოგრაფია ’’პოეტური ინტეგრალები’’ (გვ. 37). რატომ დასჭირდა ,,გალაკტიონის ენიგმების’’ ავტორს ამ ქრონოლოგიური ინფორმაციის ჩართვა? საქმე ისაა, რომ ი. მერაბიშვილი, მართალია, საპირისპირო პოზიციიდან, მაგრამ მაინც იმავე პრობლემას იკვლევს, რომელიც მ. კვესელავამ წამოჭრა. ამასთან, საკვლევი შესიტყვებების კლასიფიკაცია სემანტიკური კავშირების საფუძველზე, რომელსაც იგი გვთავაზობს (გვ. 28-29), განსხვავებული სიტყვიერ-ტერმინოლოგიური გაფორმების მიუხედავად, არსებითად იგივეობრივია მ. კვესელავას ზემოთ დამოწმებული კლასიფიკაციისა. მ. კვესელავას ლოგიკურ-სემანტიკურ სახეობას აქ შეესაბამება საერთო სემების მქონე შესიტყვებანი, ასოციაციურს - შესიტყვებები მაკოორდინირებული სემით, ხოლო ინტეგრალურს, სადაც სემანტიკური კავშირი მთლიანად დარღვეულია, - საერთო და მაკოორდინირებელი სემების არმქონე შესიტყვებანი.საიდან წამოიღო ი. მერაბიშვილმა თეორია, მეთოდიკა და კლასიფიკაციაც, რომელსაც იგი ხაზგასმით საკუთარს უწოდებს, ამას ქვემოთ ვიტყვი, მკითხველი კი, ვფიქრობ, მიხვდა, რომ ი. მერაბიშვილის წიგნში ჩართულ ქრონოლოგიურ პასაჟს ერთადერთი მიზანი აქვს - არავინ დაეჭვდეს მისი მეცნიერული გზის დამოუკიდებლობასა და ერთადერთობაში გალაკტიონის ენიგმების კვლევისას.წიგნში მეორე ბიოგრაფიულად ძვირფასი ცნობაც არის დამოწმებული: 1997 წელს სადოქტორო დისერტაციაში, სადაც კვლევის მეთოდიკა უფრო დაუხვეწავს, გალაკტიონის მაგალითები უხვად ყოფილა განხილული (გვ. 36).როგორც ვხედავთ, გალაკტიონის ენიგმებთან ი. მერაბიშვილი ერთბაშად არ მისულა - მან გაიარა ოკაზიონალურ შესიტყვებათა მეცნიერული მეთოდით შესწავლისა და მეთოდიკის დახვეწის ხანგრძლივი პროცესი. მხოლოდ ამის შემდეგ მიეახლა იგი გალაკტიონის პოეტურ ენას და, როგორც ეს დინჯ მეცნიერ-მკვლევარს შეჰფერის, კიდევ ხანგრძლივი ექვსი წელი შეალია საქმეს, სანამ წიგნს გამოსცემდა. სამაგიეროდ, ნოვატორულმა წიგნმა ,,გალაკტიონის ენიგმები’’ გალაკტიონოლოგია ჩიხიდან გამოიყვანა - ,,შემეცნებადი’’ გახადა ის, რაც მანამდე ,,გალაკტიონისეული ენიგმების აუხსნელობის მტკიცებით’’ მთავრდებოდა ხოლმე! (გვ. 15).მაშ ასე, გალაკტიონის ინტეგრალებთან, იგივე ენიგმურ სახეებთან მიმართებაში არსებობს ორი, დაპირისპირებული პოზიცია: ძველი - მ. კვესელავასი და მისი მიმდევრებისა და ახალი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ი. მერაბიშვილი წარმოადგენს. ალბათ გაინტერესებთ, როგორ აფასებს ,, ახალი’’ ძველს ანუ ,,გალაკტიონის ენიგმების’’ ავტორი ,,პოეტური ინტეგრალების’’ ავტორს.დამოკიდებულება მ. კვესელავასადმი, ერთი შეხედვით, თითქოს აპოლოგეტურია: ,,გამორჩეული ლიტერატორი’’, ,,ვისაც მშვენივრად ჰქონდა გაცნობიერებული პოეტური მეტყველების სირთულე, სიღრმე და თავისებურება’’ (გვ. 49), ,,მისი დამოკიდებულება მხატვრული ტექსტისადმი ისეთივე სიახლის სურნელს აფრქვევდა, როგორსაც, ალბათ, თავად გალაკტიონის ლექსი მის თანამედროვეთათვის’’ (გვ. 38); ,,ეს იყო მხატვრული ტექსტის პროგრესული ლიტერატურული ანალიზი’’ (გვ. 38). მთლიანად მონოგრაფიაც ამგვარსავე ემფატიკურ ტონალობაშია შეფასებული: ,,ნაშრომის უდიდეს დამსახურებად მიგვაჩნია ის, რომ აქ ავტორი პირველ ყოვლისა გალაკტიონის პოეზიის ინტეგრალურობას წამოსწევს წინა პლანზე’’ (გვ. 37)...ის, რაც აქამდე ითქვა, მხოლოდ მოლამაზებული ფასადია, რეალურად კი ,,პროგრესული ანალიზი’’ დიპლომატიური, კომპლიმენტური ფრაზაა, თორემ, როგორც ირკვევა, - ,,ბატონი მიხეილი არ მსჯელობდა გალაკტიონის ურთულეს ენიგმათა ინტერპრეტაციაზე, რადგან, როგორც ჩანს, არ ფლობდა სათანადო მეთოდს’’ (გვ. 39), ,, კვლევის თანამედროვე ლინგვო-სტილისტურ და ლექსიკო-სემანტიკურ მეთოდებს მოკლებული, ვერ ამტკიცებდა მეცნიერულად იმას, რასაც, ეჭვგარეშეა, გრძნობდა და განიცდიდა კიდეც’’ (გვ. 49).დააკვირდით ბოლო ფრაზას - როგორი ნიმუშია თითლიბაზობისა, რომელსაც იოსებ გრიშაშვილი ,,ქალაქურ ლექსიკონში’’ ცბიერებად, ფარისევლობად, პირმოთნეობად განმარტავს.მაინც რას ნიშნავს ეს განცხადება - გრძნობდა, განიცდიდა და ვერ ამტკიცებდაო?!უკვე ითქვა, რომ მ. კვესელავას აზრით, ინტეგრალების გაშიფრვა შეუძლებელია და არც არის საჭირო, რომ ანალიზი, საერთოდ, აქარწყლებს ესთეტიკურ სიამოვნებას. ვითომ გამოადგებოდა ამ თვალსაზრისის მკვლევარს თუნდაც იგივე ,,ლინგვო-სტილისტური და ლექსიკო-სემანტიკური მეთოდები’’?! მ. კვესელავა იმას ,,გრძნობდა და განიცდიდა’’, რომ ინტეგრალებს ამოხსნა არა აქვთ, უამისოდაც ახდენენ ემოციურ ზემოქმედებას, ი. მერაბიშვილი კი, ერთი მხრივ, მის კონცეფციას უარყოფს, ხოლო მეორე მხრივ , ,,გამორჩეული’’, მაგრამ ,,მეთოდსმოკლებული’’ მეცნიერის დრამატული სახე სურს დაგვიხატოს.აი, ასე ყვავის ი. მერაბიშვილის მთელს წიგნში ზემოხსენებული თითლიბაზობა მთელი თავისი სემურ მნიშვნელობათა მრავალფეროვნებით, რაშიც თანდათან უფრო დავრწმუნდებით. ***‘’გალაკტიონის ენიგმების’’ პირველი თავი ასეთი მსჯელობით იწყება: ,,გალაკტიონის პოეზია სიმბოლოთა, უჩვეულო შესიტყვებათა თუ ხილვათა გამო განსაკუთრებულ ახსნასა და გაშიფრვას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ქართველმა მკითხველმა იმთავითვე იგრძნო, აღიარა, შეიყვარა და გაითავისა მისი ლექსი. ისმის კითხვა: როგორ მოხდა ეს? გუმანით? გაუცნობიერებლად?უდავოდ, მაგრამ ამასაც ახსნა სჭირდება...’’ (გვ. 15).მ. კვესელავამ ამ კითხვას თავისებური პასუხი გასცა. მისი აზრით, გალაკტონის ლექსისათვის დამახასიათებელი რიტმულ-მელოდიური დინება ისე იტაცებს მკითხველს, რომ ყურადღებას არ აქცევს სიტყვათა ლოგიკურ შეუსაბამობებს. ეს კი ნიშნავს, რომ სიტყვა კარგავს სემანტიკურ წონას და რიტმულ-მელოდიური ნაკადის შემავსებელ ,,შიშველ’’ მასალად იქცევა (,,პოეტური ინტეგრალები’’, გვ. 335-336).ი. მერაბიშვილს, ცხადია, ასეთი ახსნა ვერ დააკმაყოფილებს და სამართლიანადაც, რადგან ეს და მსგავსი ,, მეცნიერული ანალიზი ხშირად გალაკტიონისეული ენიგმების აუხსნელობის მტკიცებით მთავრდება ხოლმე’’ (გვ. 15). ქართველი ხალხიც როდემდე უნდა იყოს გაუცნობიერებელი გრძნობებისა და სიყვარულის მდგომარეობაში?! ამიტომ ი. მერაბიშვილმა პირადად იტვირთა გალაკტიონის უჩვეულო შესიტყვებების ახსნა-გაშიფრვის მისია. რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს მეცნიერული მეთოდი, რომელიც ჯადოსნური ლამპარივით გააჩირაღდნებს გალაკტიონის ,, პოეტური სფინქსების’’ აქამდე გაუხსნელ იდუმალებას.მეთოდი, რომელსაც ი. მერაბიშვილი მიმართავს, სიტყვის სემანტიკურ თეორიაზე დაფუძნებული სემური (კომპონენტური) ანალიზის მეთოდია. ავტორი შეკუმშულად გადმოსცემს ამ თეორიის შექმნის ისტორიას - ახსენებს მიშელ ბრეალს, ფერდინანდ დე სოსიურს, იური ტინიანოვს, იური ლევინს და სქემატურად მოხაზავს ამ უკანასკნელის კონცეფციას (გვ. 16-17).ი. ლევინმა, როგორც მერაბიშვილი აღნიშნავს, მოახდინა ი. ტინიანოვის კონცეფციის მოდერნიზაცია და მის საფუძველზე შექმნა თვალსაზრისი, რომელსაც შეიცავს სპეციალისტთათვის კარგად ცნობილი წერილის - ,,შინაარსის პლანის ზოგიერთი შტრიხი პოეტურ ტექსტში’’ - დამატება: ,,პოეტურ ტექსტებში თანწყობილ შესიტყვებათა სემანტიკის შესახებ’’ (კრებ. ,,Структурная типология языков’’. М., 1966, გვ. 199-212; 213-215). ი. მერაბიშვილი ასახელებს ი. ლევინის სტატიას (გვ. 17), თუმცა ,,ივიწყებს’’ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ,,დამატებას’’. იგი ბოლო დროს სამეცნიერო პრაქტიკაში გავრცელებულ ხერხს მიმართავს, როდესაც ავტორს ერთი-ორჯერ მოიხსენიებენ, შემდეგ კი მის თეორიას, მეთოდიკას, იდეებს, როგორც საკუთარს, ისე წარმოგვიდგენენ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თეორია, მეთოდიკა და კლასიფიკაციაც, რომელსაც ი. მერაბიშვილი იყენებს და ეყრდნობა, ი. ლევინის კუთვნილებაა, თუმცა ზოგად გამოთქმას - ,, ზემოაღნიშნული მეთოდი’’ (გვ. 25), შეუმჩნევლად ენაცვლება მოლამუნე ფრაზები: ,,კვლევის აღნიშნული მეთოდიკა ჩვენ განვავითარეთ შემდგომში’’ (გვ. 36) ,,ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდიკა’’ (გვ. 28).ი. ლევინის მეთოდთან და მეთოდიკასთან ი. მერაბიშვილის დამოკიდებულების საჩვენებლად დიდი გარჯა არ დაგვჭირდება. ი. ლევინი წერს (სიზუსტისათვის ტექსტი მომყავს რუსულად, ხოლო თარგმანი ჩატანილია სქოლიოში):,,В поэтическом тексте происходит распад значения на семы и его трансформация под влиянием контекста... Итак, в поэтическом тексте происходит перестройка значения: возникает новое ядро и новые второстепенные признаки’’ (დასახ. ნაშრომი, გვ. 213).*ი. მერაბიშვილი ამ მოსაზრებას ოდნავ შეცვლილად იმეორებს: ,,პოეტურ ტექსტში და განსაკუთრებით უჩვეულო შესიტყვებაში ყოველი ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა იშლება სემებად და კონტექსტის გავლენით ისინი ახლებურად ლაგდებიან. ამგვარად, იქმნება ახალი ბირთვი და ახალი მეორეხარისხოვანი სემები, რომლებიც, შესაბამისად, ქმნიან სიტყვის ახალ მნიშვნელობას’’ (გვ. 17-18).მეცნიერული კეთილსინდისიერების ნორმის შესაბამისად, აქ პირველწყარო - ი. ლევინი უნდა იყოს დამოწმებული, მაგრამ მითითება არსადაა.იგივე ვითარებაა კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. ი. მერაბიშვილი გვაუწყებს, ,, ოკაზიონალური შესიტყვებები სამ კლასად დავყავითო’’ (გვ. 28). ზემოთ მე მივუთითე ამ დაყოფის მსგავსებაზე მ. კვესელავას კლასიფიკაციასთან, მაგრამ, შესაძლოა, ,,პოეტური ინტეგრალების’’ ავტორსაც იგივე პირველწყარო ჰქონდა, რაც ი. მერაბიშვილს - ისევ და ისევ ი. ლევინის დასახელებული გამოკვლევა.ჯერ ვნახოთ, როგორაა წარმოდგენილი სამ კლასად დაყოფილი ოკაზიონალური შესიტყვებები ი. მერაბიშვილთან:1. ,,პ ი რ ვ ე ლ კ ლ ა ს ს მიეკუთვნება ის შესიტყვებები, რომლის წევრებსაც...საერთო სემა ან სემები გააჩნიათ’’; 2. ,,მ ე ო რ ე კ ლ ა ს ს მიეკუთვნება ის შესიტყვებები, რომლის წევრებსაც... საერთო სემა არ გააჩნიათ...’’, მაგრამ აქვთ მაკოორდინირებელი სემა და 3. ,,მ ე ს ა მ ე კლ ა ს ს მიეკუთვნება ის შესიტყვებანი... რომლის წევრებსაც... არ გააჩნიათ არც საერთო და არც მაკოორდინირებელი სემები’’ (გვ. 28-29).ი. ლევინის ზემოდასახელებულ გამოკვლევაში, კერძოდ, მის დამატებაში მოცემულია ატოპოკონსტრუქციების (იგივე უჩვეულო, გნებავთ, ოკაზიონალური შესიტყვებების) ამგვარი კლასიფიკაცია: კონსტრუქციები, რომელთა წევრებსაც აქვთ საერთო ნიშნადი ელემენტები; ,,კონსტრუქციები, რომელთა წევრებსაც არა აქვთ საერთო ელემენტები...’’ და ,,კონსტრუქციები, რომელთა წევრებს შორის გრამატიკული კავშირიც კი არ არსებობს’’ (გვ. 214).ხაზგასმები ორივე ავტორთან მე მეკუთვნის და, ვფიქრობ, იგი გაუადვილებს მკითხველს კლასიფიკაციათა იდენტურობის აღქმას. ოღონდ ეგაა, აქაც პირველწყაროზე მითითება დავიწყებიათ.არ დავფარავ, ამ ფაქტზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ სხვა, ანალოგიური, მაგრამ უფრო პიკანტური ამბისთვის შეგამზადოთ, მანამდე კი ვნახოთ, რა კონკრეტულ შედეგებს იძლევა ეს სემური (კომპონენტური) ანალიზის ლევინისეული მეთოდი ი. მერაბიშვილის ხელში.


_______________________________________________________________________________* ,,პოეტურ * ტექსტში ხდება მნიშვნელობის დაშლა სემებად და მისი ტრანსფორმაცია კონტექსტის გავლენით... ამრიგად, პოეტურ ტექსტში ხორციელდება მნიშვნელობის გარდაქმნა-შეცვლა: ჩნდება ახალი ბირთვი და ახალი მეორეხარისხოვანი ნიშნები’’.ჟურნ ’’ჩვენი მწერლობა’’, 2010, 19 თებერვალი, N 4(108)

გალაკტიონოლოგია - მეცნიერების დარგი







მოგესალმებით ძვირფასო ბლოგის სტუმრებო!
მომავალ წელს სრულდება გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავი.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონის კვლევის ცენტრი, რომელსაც სათავეში მისი დამაარსებელი თეიმურაზ დოიაშვილი უდგას, ამ თარიღისათვის მზადებას კარგახანია შეუდგა. ცენტრის საქმიანობის, გეგმებისა და მიმდინარე მუშაობის შესახებ მოგვიანებით , დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციებს.

მანამდე კი:

მიმდინარე წელს კვლევის ცენტრი გამოსცემს კრებულს ’’გალაკტიონოლოგია 5’’.
კრებული, ტრადიციისამებრ კომპლექსურია. მასში შესულია სამოცამდე ავტორის სამეცნიერო გამოკვლევები, სტატიები, რეცენზიები, მხატვრული ნაწარმოებები, კრიტიკული, პუბლიცისტური მასალები, მოგონებანი და ა.შ.
გამოცემა გაფორმებულია გალაკტიონის ფოტოებითა და გრაფიკული ნამუშევრებით .
შემდგომ თემაში, ანონსის სახით, შემოგთავაზებთ კრებულიდან ერთი მასალის ფრაგმენტს , რომლის გამოქვეყნებასაც (ჟურნ. ,, ჩვენი მწერლობა ’’ ) ჩვენს ლიტერატურულ-კულტურულ სივრცეში უხმაუროდ არ ჩაუვლია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გალაკტიონისა და ქართული პოეზიის მოყვარული და მცოდნე ქართველი მკითხველი ამის გამო კიდევ უფრო ცხოველი ინტერესით მოელის წიგნის გამოსვლას.