Search This Blog

Pages

Monday, July 19, 2010

გალაკტიონოლოგია V



გამოვიდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებული მორიგი სამეცნიერო-ლიტერატურული კრებული ‘’გალაკტიონოლოგია V’’, ცენტრის ხელმძღვანელის თეიმურაზ დოიაშვილის რედაქტორობით.
კრებული აერთიანებს უახლეს გამოკვლევებსა და წერილებს. მკითხველი გაეცნობა პოეტის უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ ლექსებსა და ჩანაწერებს უბის წიგნაკებიდან, როსტომ ჩხეიძის ვრცელ ნაშრომს ‘’თვალღია საფლავები’’. ‘’არტისტული ყვავილების’’ პრობლემატიკას ეძღვნება აკაკი ბაქრაძის, ლევან ბრეგაძის, ნინო დარბაისელისა და თეიმურაზ დოიაშვილის გამოკვლევები. რუბრიკაში ‘,,კონტექსტი’’ ირაკლი კენჭოშვილი და კოსტანტინე ბრეგაძე აშუქებენ რომანტიზმის ტრადიციასთან პოეტის მიმართებას. გალაკტიონოლოგიის ისტორია წარმოდგენილია რეპუბლიკაციით აკაკი გაწერელიას წერილისა ‘’გალაკტიონ ტაბიძის ლირიკა’’ (1938) .ლექსს ‘’უკანასკნელი მატარებელი’’ ეძღვნება დავით წერედიანის ესსე და გიზო ზარნაძის მოგონება. რუბრიკაში ‘’კრიტიკული დისკურსი’’ თეიმურაზ დოიაშვილი განიხილავს ინესა მერაბიშვილის წიგნს ‘’გალაკტიონის ენიგმები’’. ტოტალიტარისტული რეჟიმისადმი გალაკტიონის მიმართებას იკვლევენ თამაზ ვასაძე და ბელა წიფურია. რუბრიკაში ‘’Essay’’ მკითხველი გაეცნობა ვახტანგ ჯავახაძის, ივანე ამირხანაშვილისა და პარმენ მარგველაშვილის სტატიებს. გალაკტიონის ლირიკაში ბავშვის მხატვრული კონცეპტი გაშუქებულია ემზარ კვიტაიშვილის წერილში. როლანდ ბერიძის ლექსმცოდნეობითი გამოკვლევა წარმოაჩენს დასავლური მყარი სალექსო ფორმების პოეტისეულ ტრანსფორმაციას. იაპონელი მკვლევარი ჰიროტაკე მაედა თავის წერილში გვაცნობს იაპონურ ენაზე გალაკტიონის ლირიკის პირველ, მისეულ თარგმანსაც. გალაკტიონის პოეტურ ენაში სიმბოლისტურ სიტყვათწარმოებას ეხება ნათია სიხარულიძის გამოკვლევა.ერთი ლექსის ტექსტოლოგიური ისტორიაა ჯული გაბოძის წერილში. რუბრიკაში ‘’წიგნები გალაკტიონზე’’ ლევან ბრეგაძე, თედო იაშვილი და ნათია სიხარულიძე განიხილავენ აკაკი ხინთიბიძის, ნოდარ ტაბიძისა და ზეინაბ სარიას წიგნებს. ,,გამოხმაურებანი, თვალსაზრისი და ინფორმაცია’’ - შეიცავს გურამ ბარნოვის, ვახტანგ როდონაიასა და მამუკა შელეგიას სტატიებს. გალაკტიონის ცხოვრების ეპიზოდს მკითხველი გაეცნობა ელგუჯა ბერძენიშვილის მოთხრობაში. პოეტის თავგადასავალს აცოცხლებს ლიდია მეგრელიძის მოგონებები, ნანა კობალაძის ვრცელი კომენტარებით.
წიგნის დასასრულს, ტრადიციისამებრ, რუბრიკებში ‘’დღეები ბრუნავს’’ და ’’მოგონებათა თოვის’’ წარმოდგენილია ვრცელი თუ მცირე მოგონებანი, რომლის ავტორებიც არიან: ლადო ასათიანი, ლადო გუდიაშვილი, ნიკო კეცხოველი, კორნელი სანაძე, თამაზ ჩხენკელი, შერმადინ ონიანი, გულბათ ტორაძე, ნანა დიმიტრიადი და სხვანი.